საქართველოში კონსტიტუციური უმრავლესობის ბოროტად გამოყენება უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება

საქართველოში კონსტიტუციური უმრავლესობის ბოროტად გამოყენება უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება

„ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი პაულუ რანჟელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხილულ უნდა იქნას პოლიტიკურ კონტექსტში და საქართველოს ისტორიული გამოცდილების კუთხით.

„კონსტიტუციური უმრავლესობის ბოროტად გამოყენება, კონტროლისა და ბალანსის სისტემის მმართველი უმრავლესობის სასარგებლოდ შეცვლა უკანგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს რანჟელი, რომელიც 10-11 მაისს „ევროპის სახალხო პარტიის“ დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ დელეგაცია თბილისს ეწვია, რათა შეეფასებინა არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განეხილა, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცლებულ პრესრელიზში.

„ევროპის სახალხო პარტია“ აღნიშნავს, რომ პაულუ რანჟელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და აღშფოთება გამოხატა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ყველა შეთავაზებული ცვლილებები განხილულ უნდა იქნას პოლიტიკურ კონტექსტში და საქართველოს ისტორიული გამოცდილების კუთხით. კონსტიტუციური უმრავლესობის ბოროტად გამოყენება, კონტროლისა და ბალანსის სისტემის მმართველი უმრავლესობის სასარგებლოდ შეცვლა უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. განსაკუთრებით იმ ასპექტში, რომელიც შეეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას, გაუნაწილებელი მანდატების (ბონუსების) სისტემის გამოყენებას მხოლოდ გამარჯვებული პარტიის მიერ და საარჩევნო ბლოკების აკრძალვას მაშინ, როდესაც 5%-იანი ზღვარი იქნება პარტიებისათვის პარლამენტში მოსახვედრად - ყველაფერი ეს ძირს უთხრის ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ და პლურალისტურ განვითარებას. მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსითა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები“, - აღნიშნა „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

„საქართველომ უნდა განაგრძოს თავისი გზა, როგორც რეგიონის სამაგალითო და წარმატების მქონე ქვეყანამ. საქართველო წარმატებას მხოლოდ ჯანსაღი ოპოზიციის, ფუნქციონალური საპარტიო სისტემით მიაღწევს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება მედიის პლურალიზმი, რომლის საჭიროებას ხაზს უსვამს „რუსთავი 2“-ის მნიშვნელოვანი როლი“, - დასძინა პაულუ რანჟელმა.