სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით 8-10 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ფიზკულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავჯდომარის დეპუტატ ირენეუშ რაშის მიწვევით ვარშავაში იმყოფებოდა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ საპარლამენტო კომიტეტს შორის თანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრები გაიმართა პოლონეთის სეიმსა და სენატში, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში, ოლიმპიურ კომიტეტში, ვარშავის სპორტის ინსტიტუტში, სპალას ოლიმპიური მომზადების ცენტრში. შეხვედრებზე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სპორტული შეჯიბრებებისა და დიდი სპორტული ღონისძიებების ორგანიზების, დაფინანსების, ანტიდოპინგური სამართლებრივი ასპექტებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე ტურიზმის განვითარებაზე სპორტული ღონისძიებების გავლენის შესახებ.

გაიმართა თემატური შეხვედრები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის საკითხებზე. ქართული დელეგაციის წევრები პოლონელ კოლეგებთან ერთად ეწვივნენ სპალას ოლიმპიური მომზადების ცენტრს. ცენტრის დირექტორმა ქართველ სტუმრებს სპალას ოლიმპიური მომზადების ცენტრის ისტორიული განვითარების ეტაპები გააცნო. ისაუბრა ევროკავშირთან გაწევრიანების შემდეგ განხორციელებული რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ პოლონელ კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია, საქართველოში სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გატარებული და გასატარებელი რეფორმების, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების და სამომავლო გეგმების შესახებ.

საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლონეთის ოლიმპიურ კომიტეტში და ვარშავის სპორტის ინსტიტუტში, სადაც ასევე სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ასპექტები განიხილეს. დელეგაციამ, ვარშავაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ჭიდაობის ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაში. დაათვალიერა ვარშავის ეროვნული სტადიონი და გაეცნო ეროვნული სტადიონის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სტადიონის ფუნქციონირების შესახებ საპრეზენტაციო ინფორმაციას. 
შეხვედრა გაიმართა პოლონეთის ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, რომელმაც დელეგაციის წევრებს პოლონეთში სპორტული ტურიზმის განვითარებისა და ამ საქმეში სპორტული ღონისძიებების როლზე მიაწოდა ინფორმაცია.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია სეიმის ვიცე-მარშალს, რიშარდ ტერლეცკის და პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ქართველი დეპუტატები ასევე დაესწრნენ ფიზკულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის სხდომას, რომელსაც პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე, ასევე სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდნენ. სხდომაზე პოლონეთში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებასა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, დავიდ ლასკის შეხვდა, სადაც მხარეებმა სპორტისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის ერთობლივ პროექტებში მონაწილოების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: ირაკლი აბუსერიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი მოსიძე და კომიტეტის აპარატის თანამშრომელი დავით ობოლაძე. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.