პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი საზოგადოებისთვის არასასურველი პირების წინაშე შეიძლება გახდეს ანგარიშვალდებული, რომლებიც მას შეწყალებას მოთხოვენ

პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი საზოგადოებისთვის არასასურველი პირების წინაშე შეიძლება გახდეს ანგარიშვალდებული, რომლებიც მას შეწყალებას მოთხოვენ

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ვასილ გონაშვილის აზრით, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი საზოგადოებისთვის არასასურველი პირების წინაშე შეიძლება გახდეს ანგარიშვალდებული.

პრეზიდეტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, ასეთი საფრთხის გაჩენის შესახებ გონაშვილმა თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოვეთაო-სახალხო განხილვისას ისაუბრა.

”პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი გზით ირჩევა, ანგარიშვალდებული მხოლოდ მმართველი პარტიის წინაშე არ არის. მას სჭირდება ფული, მას სჭირდება ფინანსები. ის ძალიან მარტივად ანგარიშვალდებული ხდება სხვადასახვა ბიზნესმენების წინაშე, რომელთაც მას ფული უნდა მისცენ. გარდა ამისა, რა უზრუნველყოფს ხმების მოტანას? ვინ უნდა იმუშაოს უბნებში? - გარკვეულმა პირებმა და შეიძლება ეს საზოგადოებისთვის არასასურველი პირები იყვნენ. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი შეიძლება მათ წინაშეც ანგარიშვლდებული მივიღოთ. რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს? - შეწყალება! ძალიან მარტივად შეიძლება ამ ადამიანებმა პრეზიდენტს სთხოვონ: ”მხარდაჭერის სანაცვლოდ შეწყალება გამოიყენე ვიღაცის მიმართ”. ეს საფრთხე აშკარად არსებობს, როცა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვირჩევთ”, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა, რომლის შეფასებით, პარლამენტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ არჩეული პრეზიდენტი უფრო დამოუკიდებელი იქნება.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა არც ერთი სახელისუფლო შტო არ უნდა დააბალანსოს, მან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები არ უნდა განახორციელოს და იყოს ზეპარტიული, ხოლო განცხადებები მაშინ გააკეთოს, თუკი ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი იქნება.