პრეზიდენტმა და ირაკლი აბესაძემ შეხმატკბილებულად თქვეს უარი არაპირდაპირ არჩევნებზე, მაგრამ მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, - ამის შესახებ ერთ-ერთმა დამსწრემ ედემი კეკუტიამ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
თავდაპირველად ის გამოეხმაურა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის ირმა ინაშვილის იმ განცხადებას, რომ სადაც ჩადის, ყველა დედას აგინებს თავის მაჟორიტარ დეპუტატს და აღნიშნა, რომ ზუგდიდში მაჟორიტარებს არ აგინებენ.
„ახლა მინდა მივმართო პრეზიდენტს და ირაკლი აბესაძეს, ორივემ შეხმატკბილებულად თქვა უარი არაპირდაპირ არჩევნებზე, მაგრამ მე ვერ მოვისმინე არგუმენტი გარდა იმისა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევაო. მაგრამ მე ასე არ ვთვლი და რატომ. პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი მართოს სახელმწიფო, არ გააჩნია სახელმწიფოს მართვის ბერკეტები, წინასაარჩევნოდ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ დადგება, რა უნდა მითხრას მე იმან, რომ ხმა მივცე. რა პროგრამით უნდა წარსდგეს ჩემ წინაშე, რა მოტივით, რა პროგრამით დადგება პრეზიდენტობის კანდიდატი ჩემ წინაშე, რომ მე ხმა მივცე იმიტომ, რომ კარგი ბიჭია, იმიტომ, რომ ძველი ბიჭია თუ რომელიღაცა გამორჩეული პარტიის წევრია. პირდაპირი არჩევა მაშინ არის მისაღები, როდესაც პრეზიდენტს აქვს სრული უფლება სახელმწიფო მართოს. მითხარით არგუმენტი და დამარწმუნეთ იმაში, რომ მე პრეზიდენტი პირდაპირ ავირჩიო“, - განაცხადა კეკუტიამ.