ღმერთმა დაგვიფაროს ამ ერთიან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მართალი, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში.
”ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროს, ყველას ეგონა, რომ სამუდამოდ არის მოსული. არ უნდა დაუპირისპირდე ოპოზიციას, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ისიც შენი მოქალაქეა.
ღმერთმა დაგვიფაროს ამ ერთიან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მართალი, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ. ეს იქნება ჩვენი ბუნების გამრუდება. არასდროს ყოფილა ქართული სიმღერა ერთხმოვანი, ყოველთვის იყო მრავალმხმიანი. ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენ და მე ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველას აზრი ერთნაირია. ეს არის დეგრადაცია, ასეთი ქვეყნები სამწუხაროდ არსებობს და ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არავის უნდა.
მე ველოდები ისეთ საქართველოს, სადაც გვეყოლება სამი-ოთხი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება მუდმივად კამათში, მაგრამ არც ერთ მომენტში არ მოუნდება მეორე ძალის განადგურება, ციხეში ჩასმა”, - განაცხადა მარგველაშვილმა.