ემანუელ მაკრონი: ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, დიდია და მისი შესრულება ხვალიდან დაიწყება

ემანუელ მაკრონი: ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, დიდია და მისი შესრულება ხვალიდან დაიწყება

მადლობა, მეგობრებო! მადლობა, რომ მამაცურად იბრძოდით ამდენი თვის განმავლობაში. დღეს საღამოს თქვენ გაიმარჯვეთ! საფრანგეთმა გაიმარჯვა!, - განაცხადა საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრთან მდებარე მოედანზე მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას. 

მან ასევე მიმართა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მის იდეებს არ იზიარებდნენ, მაგრამ ხმა მაინც მისცეს. "დღეს ასევე მინდა მივმართო იმ ფრანგებს, რომლებმაც ხმა მოგვცეს ჩვენი იდეების გაზიარების გარეშე, რათა საფრანგეთი ექსტრემიზმის წინაშე დაეცვათ. მე მესმის ჩვენი უთანხმოება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულების წინაშე ერთგული დავრჩები: მე დავიცავ რესპუბლიკას", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

მან მიმართა მათაც, ვინც მარინ ლე პენს მისცა ხმა. "მე მათ პატივს ვცემ. მარამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ მიზეზი არ ჰქონდეთ მხარი ულტრამემარჯვენეებს დაუჭირონ. დღეს აქ შეკრებილები, თქვენ ფრანგი ხალხის ენერგიას წარმოადგენთ", - აღნიშნა საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროპა და მსოფლიო ელოდება, რომ საფრანგეთი ყველგან დაიცავს თავისუფლებას, დაჩაგრულებს, რომ ისინი ახალ იმედს და ჰუმანიზმს შემოიტანენ. 

"ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, დიდია და მისი შესრულება ხვალიდან დაიწყება. ის ითხოვს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებას, ჩვენი ევროპის გარდაქმნას და ყველა ფრანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - დასძინა ემანუელ მაკრონმა.