აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი დააკავა

აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი დააკავა

აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იუწყება.

„მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი სომხეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და სხვადასხვა დროს მათ სამხედრო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატიული ღონისძიებების შედეგად აღიკვეთა ბაქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დივერსიული და ტერორისტული საქმიანობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.