ვახუშტი მენაბდე:  5%-იანი საარჩევნო ბარიერი დასაშვებთაგან ყველაზე მაღალი ბარიერია

ვახუშტი მენაბდე: 5%-იანი საარჩევნო ბარიერი დასაშვებთაგან ყველაზე მაღალი ბარიერია

საქართველოში მოქმედი საარჩევნო ბარიერი დასაშვებთაგან ყველაზე მაღალია, - ამის შესახებ ჩოხატაურში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. 

მისი შეფასებით, 5%-იანი ბარიერის შედეგია ის, რომ ყოველ მეხუთე მოქალაქეს წარმომადგენელი პარლამენტში არ ჰყავს. მისივე თქმით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით ისეთი საარჩევნო სისტემის შეთავაზება უნდა მომხდარიყო, რომელიც მაქსიმალურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა. 
”საარჩევნო სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებული პროექტი აფუძნებს, პარლამენტის არჩევნები ერთადერთი და მთავარი განმსაზღვრელია იმისა, თუ როგორი პოლიტიკური სისტემა გვექნება. თუ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას უზრუნველყოფს, მაშინ ჩვენ დემოკრატიული პლურალისტური სისტემა არ გვექნება. თუ არჩევნები ბალანსს უზრუნველყოფს, მაშინ გვექნება დაბალანსებული დემოკრატიული მმართველობა. საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები არის პირველი და უკანასკნელი ბარიერი ძალაუფლების კონცენტრირების წინააღმდეგ - სხვა ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

მან ისიც აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით, პარლამენტში უმცირესობა სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილი არ არის. მენაბდემ ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის, რომ უმცირესობას კვლავ არ შეეძლება მთავრობას ყოველი თვის ბოლოს დებატები მოუწყოს და ამისთვის კვლავ უმრავლესობის თანხობა დასჭირდება. 

”ჩვენ ვუყურებთ, რომ ბოლო რამდენიმე ციკლში პარლამენტში არც ერთი ასეთი დებატი არ გამართულა ან გამართულა მხოლოდ მაშინ, როცა მთავრობა პარლამენტისგან ნდობას ითხოვდა. ეს კი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის ყოველთვიური, ყოველკვირეული რუტინა”, - აღნიშნა მენაბდემ.