მივესალმებით, რომ კონსტიტუციის საყოველთაო საჯარო განხილვებზე საზოგადოების ყველა ჯგუფია წარმოდგენილი

მივესალმებით, რომ კონსტიტუციის საყოველთაო საჯარო განხილვებზე საზოგადოების ყველა ჯგუფია წარმოდგენილი

მივესალმებით, რომ კონსტიტუციის საყოველთაო საჯარო განხილვებზე საზოგადოების ყველა ჯგუფია წარმოდგენილი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტების კრიტიკას, რომ საყოველთაო განხილვებზე მმართველ ძალას ძირითადად საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს წარმოდგენილი.

მისი თქმით, ამ განხილვების პროცესში დაისვა არაერთი კრიტიკული შეკითხვა და გამოითქვა ბევრი განსხვავებული აზრი. “ამ შეხვედრებზე წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ პოლიტიკა, ასევე ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პროფესიული თვალსაზრისით აინტერესებთ კონსტიტუცია. ჩვენ ვნახეთ წინა საჯარო განხილვები, სადაც ბევრი კრიტიკული შეკითხვა დაისვა, სადაც ასევე კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუ მათ არ მოსწონთ კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა, ჩვენ ვართ სრულიად სხვა პოზიციაზე, ჩვენ გვჭირდება განსხვავებული აზრისა და კრიტიკული პოზიციების მოსმენა. დღესაც აქ მოწვეულია საზოგადოების ყველა ნაწილი, მასწავლებლები, ექიმები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მედია, სტუდენტები, ასევე ის ადამიანები, ვისაც თუნდაც სოფლის მეურნეობა აინტერესებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი განსხვავებული პოზიცია და შეკითხვა გვექნება დღეს ჩოხატაურში”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” თალაკვაძემ ჩოხატაურში, სადაც 12.00 საათზე საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

რაც შეეხება კონსტიტუციის ახალ პროექტს, თალაკვაძის შეფასებით, კონსტიტუცია, რომელიც წინა ხელისუფლებებს უნდოდათ მოერგოთ თავისთვის, უბრუნდება ხალხს. “ეს იქნება ნამდვილად ხალხის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ძირითადი პრინციპები არის, რომ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ის არეგულირებს სახელმწიფოს ვალდებულებებს ადამიანების მიმართ, იძლევა ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიებს და ასევე ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს”, - განაცხადა თალაკვაძემ.