რიყის პარკში ,,ევროპის დღე“ აღინიშნება

რიყის პარკში ,,ევროპის დღე“ აღინიშნება

რიყის პარკში, დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ,,ევროპის დღეს“ გრანდიოზულად აღნიშნავს. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა სქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეფუძნება. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე, მას ფორმალურად გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. 

საერთაშორისო ფორმატის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი ხასიათისაა და ითვალისწინებს ე.წ. “ევროსოფლის” მოწყობას. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები.

”12:00 საათიდან 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება დღის გასართობი პროგრამა საქართველოში ევროკავშირის წევრების პარტნიორი საბავშვო ანსამბლის წარმოდგენები და ევროპიდან მოწვეული პროფესიონალი არტისტები.

19:00 საათზე კი გაიმართება გალა კონცერტი. აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ევროპული ბენდი - ჯაზანოვა და პოლ რენდოლფი და ქართული ჯგუფი ”მგზავრები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.