აშშ-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა გამოხატა

აშშ-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა გამოხატა

 ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის გამოხატვა, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონი, რომლითაც აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში იმ პროგრამების მხარდაჭერა აეკრძალათ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო იმედის მომცემი იქნება.

”უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც ამბობს რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს. ერთი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკანონმდებლო დონეზე პირველად აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არის რუსეთის მიერ და ასევე, თქვა ძალიან მკაფიოდ და აშკარად, რომ აკრძალა დახმარების და დაფინანსების გაწევა ნებისმეირი ქვეყნისთვის რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის გამოხატვა არის ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ამისთვის იმუშავა. ჩვენს ელჩს შეეთებულ შტატებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, ამერიკელ მეგობრებს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო იმედის მომცემი იქნება”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.