ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. 

საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა. 

კვლევითი ორგანიზაცია Odoxa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა შესაძლოა ყველაზე დაბალი იყოს. საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა აქამდე 1969 წელს დაფიქსირდა. გამოკითხვის თანახმად, ყოველ მეოთხე ამომრჩეველს არ აქვს არჩევნებზე წასვლის სურვილი, რომელიც კვირას 7 მაისს გაიმართება. 

მოსალოდნელია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 2002 წლის (79,7%), 2007 წლის (84%) და 2012 წლის (80,3%) საპრეზიდენტო არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ 1969 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 69% შეადგინა.