პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ, რეგისტრაციის შემდეგ, მუშაობა კენჭისყრის პროცედურით დაიწყო.
კანონმდებლებმა კენჭი უყარეს წინა დღის პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს და საკანონმდებლო პაკეტებს. მათ შორის, კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" თანმდევი კანონპროექტებითურთ, რომლებიც პარლამენტმა საბოლოო - III მოსმენით მიიღო.
ეს კანონპროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს ადგენს, ასევე არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის. კანონპროექტით განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები (შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო იქნება სასამართლო), აქვე განისაზღვრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში. კანონპროექტით ასევე რეგულირდება ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა-შეჩერებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები. კანონპროექტში მოცემულია საერთაშორისო შვილად აყვანის მარეგულირებელი ნორმებიც. განისაზღვრება შვილად აყვანის გაუქმებისა და ბათილად ცნობის საფუძვლები, აგრეთვე მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტმა ასევე საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტები:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონში შეტანილი ცვლილებები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის უფლებამოსილებას იმ კრედიტორებსაც მიანიჭებს, რომლებიც ამავე კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობას არგუმენტირებულად დაასაბუთებენ.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", თანმდევი კანონპროექტებითურთ, რომლებიც „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარეობს. ეს კანონი წარმოდგენილი ცვლილების მეშვეობით დაარეგულირებს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებებს, არამედ ზოგადად, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე გავრცელდება, რომლებსაც მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში ჰქონდა/ ექნება ადგილი.
პარლამენტმა მეორე მოსმენით კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტები მიიღო. კენჭისყრამდე მომხსენებელმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ პაკეტის განხილვისას გამოთქმული რამდენიმე შენიშვნა ავტორებმა გაითვალისწინეს და იგი წარმოდგენილ დოკუმენტში აისახა. ძირითად კანონპროექტებზე კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი უყარეს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს" ალტერნატიულ წინადადებებს, რომლებმაც მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
პარლამენტმა განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 10 მარტის N454 - IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილება გამოწვეულია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წინადადების საფუძველზე, რომელმაც კომისიის შემადგენლობაში ფრაქციის წარმომადგენელი შეცვალა.
პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, განიხილა კანონპროექტები:
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (წარადგინა პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა);
„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ);
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სახელით მისმა თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ძირითადში კანონპროექტებს მხარს უჭერენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ აქციონერთა უფლებების დასაცავად ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია.
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით ჯანსაღი კორპორატიული მართვის ელემენტები შემოდის და იგი ბიზნესისთვის მართლაც აუცილებელია.
მომხსენებლის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიზანია გააძლიეროს მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა და ქვეყანაში განვითარდეს კაპიტალის ბაზარი. იგი განამტკიცებს და უფრო მაღალ დონეზე აიყვანს კორპორატიული მართვის პრინციპებს.
კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" ირმა ქავთარაძემ ასევე მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა. მისი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უქმდება და იგი უწყების „აწარმოე საქართველოში" ნაწილი ხდება. პარლამენტმა ასე განიხილა მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლის მიხედვით ცვლილებები საგადასახო კოდექსში, ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის და გრანტების შესახებ კანონებში შედის.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა. კანონპროექტით, მათ შორის, იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელწოდება და განისაზღვრება როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თემურ მურღულიამ პირველი მოსმენით განსახილველად პარლამენტს წარუდგინა ასევე კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის მიხედვით, კანონმდებელთა შეფასებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის მოქმედ კანონში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ პარლამენტს განსახილველად რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა:
„სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და მის მიმართ შენიშვნები არავის ჰქონდა.
მომხსენებლის განცხადებით, პროექტი სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს და ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.
„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს და ნოდარ კერესელიძემ კანონდებლებს ზოგადი პრინციპები გააცნო.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მოქმედი კანონი, რომელიც 1998 წელს მიიღეს, ბევრი მიმართულებით მოძველდა და თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება კანონის მთელი რიგი მუხლები და ხდება მათი დახვეწა, ასევე ვაზისა და ღვინის სფეროში არსებული რეგულაციების დადგენა. კანონპროექტით განიმარტება რამდენიმე ტერმინი, როგორიცაა „ქვევრის ღვინო", „ქარვისფერი ღვინო", „აისვაინი - ყინულის ღვინო, „ვაზის გენეტიკური რესურსები" და სხვა. ზუსტდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები. იცვლება მევენახეობის ზონების და ქვეზონების ჩამონათვალი, გაიმიჯნა ვაზის სამყნობი და სარგავი მასალის კატეგორიები. ზუსტდება ღვინოების კლასიფიკაციის მარეგულირებელი ნორმა და სხვა.
კანონპროექტი აქტიური განხილვის საგნად იქცა. სხდომაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვის საწინააღმდეგოდ და დეგუსტაციის საყოველთაობის შემოღების აუცილებლობის თაობაზე, რაზეც მომხსენებლმა განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ღვინო ნელ-ნელა მკვიდრდება არატრადიციულ ბაზრებზე და ერთობ მნიშვნელოვანია, რომ მისი ხარისხი, რეპუტაცია და სახელი თავიდანვე არ შეილახოს. მისივე ინფორმაციით, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა და საყოველთაო დეგუსტაციის დაშვება კანონპროექტის წინასწარი განხილვებისას და მეღვინეებთან შეხვედრებისას წამოიჭრა და თუ ეს საკითხი სადავო გახდება, შეიძლება ამ თემაზე კონსულტაციები კვლავაც გაიმართოს და შეთანხმებას მიაღწიონ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით ასევე განიხილა „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". შენიშვნა დეპუტატებს ამ კანონპროექტების მიმართ არ ჰქონდათ.
დილის სხდომაზე პარლამენტმა ასევე საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტები:
„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დასაწყობების და განკარგვის საკითხებს.
„მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტით დაზუსტდა ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები და, შესაბამისად, მისი ფართობი.
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა წარადგინა სხდომაზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა. მისი განცხადებით, კანონპროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე და რექტორთა საბჭოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების თანხმობით შემუშავდა. კანონპროექტი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერის აღმოფხვრას და სასწავლებლების აკადემიური საბჭოების გამართული მუშაობის მიზნით შეიქმნა.
ამის შემდეგ, პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლებმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.