ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა

ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა. შეიძლება ითქვას, რომ 1999 წლის შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა ამ ორგანიზაციას ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით არ მიღებულა. ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიებზე, თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას ვერ ავრცელებს იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალებია განთავსებული და რუსეთის უკანონო ქმედებები ხორციელდება. ევროპის ქვეყნებმა თქვეს, რომ ისინი არასდროს აღიარებენ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას. გადაწყვეტილებაში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც ამ ტერიტორიებზე ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი არაერთი ფაქტი ხდება და პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. ევროპული ქვეყნები ცალსახად მოუწოდებენ მათ, რომ მისცენ შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება, ასევე, მისცენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ, საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების საშუალება." - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნინო გოგუაძის განცხადებით, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან პრინციპული პოზიცია და საქართველოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, კონფლიქტებს ეხება, ყოველთვის არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. „ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმატებში აფიქსირებენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას. ეს არის დიდი წარმატება, ჩვენი ხელისუფლების და ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს," - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.

2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, ე.წ. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.