კახა ოქრიაშვილმა ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, მე ცოტა რბილად ვთქვი

კახა ოქრიაშვილმა ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, მე ცოტა რბილად ვთქვი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის განცხადებით, კახა ოქრიაშვილმა მისი ხუმრობა მაჟორიტარებთან დაკავშირებით არასწორად გაიგო.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაჟორიტარები კანონმდებლობას აფუჭებენ და ისინი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ მსჯელობენ.

,,კახა ოქრიაშვილმა არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა ჩემი სიტყვების. მე ცოტა რბილად ვთქვი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს მაჟორიტარს? რა უნდა უპასუხო? გაგახსენდება ქართული ფილმი, როცა მასწავლებელი ბავშვს ეკითხება - რა სარგებლობა მოაქვს მამალს? დაახლოებით ის სარგებლობა მოაქვს მაჟორიტარს პარლამენტში კანონმდებლობის კუთხით, რაც მოაქვს მამალს იმ ფილმიდან მეთქი - ეს იყო და ეს. ეს ხუმრობა გააზვიადა და არასწორი მიმართულებით წაიყვანა.

მე მგონია, რომ მაჟორიტარები აფუჭებენ კანონმდებლობას. აქცენტი აქვთ საკუთარ თავზე და ბიზნესინტერესებზე კანონების მორგება, ისინი აზროვნებენ არა სახელმწიფოებრივი ინტერესით, არამედ კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მაჟორიტარი არის ბიზნესმენი, არიან ფულიანი ხალხი. არავითარი სარგებლობა მაჟორიტარს არ მოაქვს. კარგია, რომ ეს უქმდება, მაგრამ მისი გაუქმების შედეგად არ უნდა მივიღოთ უარესი სისტემა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.

”მინდა ვუპასუხო ბატონ რომან გოცირიძეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბატონმა რომანმა მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი ალბათ საქათმეს და არამაჟორატარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს, რომლებიც კვერცხივით ისვრიან კანონპროექტებს. ბატონო რომან, ჩვენი მაჟორიტარული აპლოდისმენტები თქვენს ფანტაზიებს”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარებზე ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და კონკრეტული მიზანმიმართული კამპანია.