რომან გოცირიძემ მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი ალბათ საქათმეს და არამაჟორიტარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს

რომან გოცირიძემ მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი ალბათ საქათმეს და არამაჟორიტარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს

რომან გოცირიძემ მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი ალბათ საქათმეს და არამაჟორიტარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს, რომლებიც კვერცხივით ისვრიან კანონპროექტებს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი რომან გოცირიძის განცხადებას. როგორც ოქრიაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გოცირიძემ მაჟორიტარები მამლებს კვირას, ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში შეადარა.

”მინდა ვუპასუხო ბატონ რომან გოცირიძეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბატონმა რომანმა მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი ალბათ საქათმეს და არამაჟორატარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს, რომლებიც კვერცხივით ისვრიან კანონპროექტებს. ბატონო რომან, ჩვენი მაჟორიტარული აპლოდისმენტები თქვენს ფანტაზიებს”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარებზე ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და კონკრეტული მიზანმიმართული კამპანია.

”მინდა გამოვეხმაურო კვირას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს. ამ კამპანიის ფარგლებში ხდება ჩემი და ჩემი კოლეგების დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა. ხშირად ისმის ბრალდებები, რომ მაჟორიტარები არიან უფრო პასიურები, ნაკლებად ცნობადები, არაკვალიფიციურები ვიდრე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები და ამიტომ, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. საქართველოში, როგორც მთელი მსოფლიოს პარლამენტებში არიან ძალიან აქტიური და კვალიფიციური როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი დეპუტატები. ასევე არიან ნაკლებად აქტიურები და პარლამენტში ხვდებიან არასაპარლამენტო კვალიფიციკაციის მქონე ადამიანები. ასეთი დეპუტატები იყვნენ და არიან ჩვენ პარლამენტში და ამის გამო უნდა გავაუქმოთ მაჟორიტარული არჩევნები, თუ იმაზე ვიფიქროთ როგორ ამაღლდეს საპარლამენტო კვალიფიკაცია? საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგია და მიუკერძოებელი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემთ. ასევე არიან არაკეთილსინდისიერი და აშკარად დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალისტებიც და ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ? რა თქმა უნდა - არა. აქ არ არის საუბარი იმაზე კარგია თუ არა კახა ოქრიაშვილი ან სხვა მაჟორიტარი, აქ საუბარია იმაზე, თუ როგორი სისტემა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების კონცენტრაცია და სტაბილურობა, ე.ი. წინსვლა. ამ პოზიციას მეოთხე და მეხუთე მოწვევის მაჟორიტარები უკვე ათწლეულზე მეტია ვიცავთ”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობაში მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დღეს ”ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და თვლის, რომ ეს ბერკეტი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელში არის რისკის შემცველი.

”ამიტომ დგას დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება-არგაუქმების საკითხი და არა იმიტომ, რომ არსებულ სისტემას ლეგიტიმაცია აკლია. მაჟორიტარული და შერეული სისტემები მოქმედებს დაახლოებით 130 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ხოლო პროპორციული 70 ქვეყანაში, სადაც მუდმივად დგას მყიფე ცენტრალური ხელისუფლების პრობლემა. პროპორციული სისტემა კარგად მუშაობს მდიდარ ქვეყნებში და ძალიან ცუდად ღარიბ ქვეყნებში. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არგუმენტების საფუძველზე მიიღება. ეს მიზანმიმართული შეტევა კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს ჩვენი პოზიციის სისწორეში”, - განაცხადა დეპუტატმა.