თამარ ხულორდავა ამერიკელ კონგრესმენთა წერილს გამოეხმაურა.

თამარ ხულორდავა ამერიკელ კონგრესმენთა წერილს გამოეხმაურა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ მაღალი მხარდაჭერისთვის. საქართველო აღიარებულია როგორც სანდო და ერთგული პარტნიორი. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. სწორედ ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ეს განცხადება. ეს არის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი. პროგრესულად და დადებითად არის შეფასებული ის წინსვლა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ამ წლების განმავლობაში, აღნიშნულია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ის წინსვლა, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა. ხაზგასმულია მედიის კუთხით არსებული მდგომარეობა, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება, ეკონომიკური განვითრებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა,"-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს მხარდამჭერ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, წერილში აღნიშნულია ყველა ის საკითხი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია და რაზეც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. მისი განცხადებით ეს არის ძალიან მყარი მხარდაჭერის დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან და საქართველოს ურთერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის ხელისუფლების მხრიდან გაწეული დიდი სამუშაოს შედეგი. „ეს განცხადება ნამდვილად არის დიდი შედეგი იმ სამუშაოსი, რომელიც გაწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდანაც. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში თებერვლის თვეში იმყოფებოდა, და ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ მაშინ ვაყენებდით კონგრესმენებთან, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში იყო ის, რომ კონგრესს ეთამაშა თავისი როლი და წვლილი შეეტანა საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობების გაღრმავებაში ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და სწორედ ამასთან გვაქვს ახლა საქმე."-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მან საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, „მინდა მადლობა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობისთვის და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთბულ შტატებში, ჩვენს ელჩს, დავით ბაქრაძეს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იყოს ძალიან მაღალ პლატფორმაზე დაყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს ურთიერთობაში".

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომლის მნიშვნელობაზეც არის საუბარი ამერიკელ კონგრესმენთა წერილში. „კიდევ ერთი საკითხი, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ კონგრესმენების წერილში ხაზგასმულია საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული რეზოლუცია. აღნიშნულია, რომ რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტი ნათლად და მკაფიოდ აღიარებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი,"- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დღესვე, მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ ყველას დღე, რომელსაც მსოფლიო აღნიშნავს. პრესის თავისუფლების დღე. მინდა ყველას მივულოცო, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლებს. თავისუფალი მედია-გარემო და თავისუფალი პრესა, ზოგადად არის საწინდარი ქვეყნის განვითარების, პროგრესის, წინსვლის,"-განაცხადა თამარ ხულორდავამ.