ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დარწმუნდა, რომ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს არავითარი კავშირი არ ჰქონდა რაიმე ტიპის დანაშაულთან, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, მისი შვილის საქმეზე პროკურატურის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, პროკურატურის დღევანდელი განცხადებით ცალსახად დადასტურდა, რომ მისი შვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მიმართული იყო მისი, როგორც პოლიტიკოსის და კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
”მიუხედავად იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად ნათელი იყო, ჩემს შვილს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ დანაშაულთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სწორედ მე მივმართე პროკურატურას გამოძიებისთვის. ჩემი მიზანი იყო, რომ საზოგადოების 1%-ს მაინც არ შეპარვოდა ეჭვი, ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციაში. მადლობა პროკურატურას, რომ ამაზე დროულად მოახდინა რეაგირება და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დარწმუნდა, რომ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს არავითარი კავშირი არ ჰქონდა რაიმე ტიპის დანაშაულთან. ცალსახაა, რომ რა ბინძური კამპანიაც ჩემი შვილის წინააღმდეგ წამოიწყეს, მიმართული იყო ჩემი როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ეს იყო ამორალური კამპანია, რადგან მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს ვერ გამიბედეს ვერაფერი და შეეხნენ ჩემს ოჯახს და ჩემს შვილს. მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოების ყველა იმ წევრს, ვინც ადეკვატურად შეაფასა და დაგმო ასეთი ბინძური ქცევა”, - განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი ყველა მედიასაშუალებას, ვინც მისი შვილის შესახებ „ბინძური ინფორმაცია“ გაავრცელა, პროკურატურის დღევანდელი განცხადების გაშუქებისკენ მოუწოდებს.
”მინდა მოვუწოდო ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებით ”რუსთავი 2”-ს, რომელიც ”ზარზეიმით” აშუქებდა ე.წ. ”სკანდალს” და ჩემს შვილს მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებდა ქურდობაში, კეთილი ინებოს და ასეთივე ზარზეიმით გააშუქოს პროკურატურის გამოძიების შედეგები. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ცრუ დასმენის კუთხით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. მე დაველოდები გამოძიების შედეგებს და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. რაც შეეხება ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან, პოლიტიკურად კი მათ ჩემგან პასუხი მიიღეს და უნდა იცოდნენ, რომ ისინი ასეთ ამორალურ ქმედებაზე პასუხს მუდმივად მიიღებენ”, - განაცხადა სესიაშვილმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილს ქურდობის ფაქტთან, რომელსაც შსს იძიებს, შეხება არ აქვს.