პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 108 დეპუტატის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.
შესაბამისად, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი ინიცირებულია და მიმდინარე კვირას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.
„ამას შემდგომ მოჰყვება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა. შეიქმნება კომისია. სავარაუდოდ, ეს მოხდება უკვე მიმდინარე კვირას. კომისია საქართველოს მოსახლეობას გააცნობს კონსტიტუციური კანონის პროექტს. ეს პროცესი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.