იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მოსმენისთვის განიხილა.

კანონპროექტით, ახალი სახით ყალიბდება და მნიშვნელოვნად იხვეწება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურის მიღების წესი და პირობები.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და ანრი ოხანაშვილი, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სამსახურში მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. მოსამსახურე გაივლის სპეციალურ შემოწმებას და დაინიშნება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, შესაბამისი ანაზღაურებით.

კანონპროექტით, ასევე იხვეწება მოსამსახურის სერტიფიცირებისა და სასწავლო კურსის გავლის წესი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კადრების მომზადების დონეს. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის პერიოდში გაივლის მომზადების სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, მიეცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი.

ამასთან, სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება მოსამსახურის მიერ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამსახურის შეფასება მოხდება არა მხოლოდ საგამოცდო შედეგების, არამედ სასწავლო კურსის მთლიანი პერიოდის მიხედვით, რითაც გაკონტროლდება მისი დასწრება, აქტიურობა, პრაქტიკული საქმიანობა, თეორიული ცოდნა და სხვა.

შემოთავაზებული ცვლილება ზოგიერთი პოზიციისთვის დამატებით ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ვალდებულებასაც ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციურ სისტემაში ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.

კანონპროექტით ინერგება მოქმედი სერტიფიკატის ცნება, რაც მოსამსახურეს შესაძლებლობას მისცემს, 3 წლის განმავლობაში (სერტიფიკატის მოქმედების ვადა) სასწავლო კურსის ხელახლა გავლის გარეშე დაიწყოს მუშაობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვას.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინციატორის, თამარ ხულორდავას განცხადებით, დღეს არსებული სისტემა საკმაოდ მოუქნელია და მოქმედი წესი თავისი ხანგრძლივი ვადებით და მთელი რიგი პროცედურებით ვერ პასუხობს რეალობაში არსებულ გამოწვევებს. „ჩვენი ინტერესი უნდა იყოს არა მარტო კადრების შევსება, რაც აუცილებელია სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ ახალი კადრები შესაბამისი სტანდარტით იმუშავებს და შეასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. წარმოდგენილი პროექტი ამის შესაძლებლობას სრულად იძლევა", -აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინციატორის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზეც გაიმართა მსჯელობა კანონპროექტზე და შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდანაც არ ყოფილა ნეგატიური დამოკიდებულება და პირიქით, იყო შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები გაეცათ.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ცვლილებებით პენიტენციური სამსახურისთვის ხდება ხელშწეყობა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ხალხის დასაქმება და მეორე მხრივ, ხელი შეეწყოს ამ გასამხედროებული სამსახურის ფუნქციონირებას",-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.