ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დღეს საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია დაამტკიცეს.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. „საქართველოს პარლამენტის წინამძღოლობით ჩვენ ვიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც წინა სამოქმედო გეგმაზე კიდევ უფრო ამბიციურია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი იყო პირველი, რომელთანაც ჩვენმა ორგანიზაციამ საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა დაამყარა", - განაცხადა გიგი ბრეგაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭომ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად დეტალურად განიხილა სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებები შემდეგი გამოწვევების მიხედვით:
1. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება
4. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა
5. ტექნოლოგიები და ინოვაცია
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის ინფორმაციით, წინა მოწვევის პარლამენტის საბჭოს მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას კიდევ რამდენიმე ვალდებულება დაემატა. თითოეული ვალდებულების განხილვა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. როგორც საბჭოს, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ნაწილში თავიანთი ხედვები და მოსაზრებები გამოთქვეს.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, პარლამენტს აქვს შემდეგი ვალდებულებები:
· პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა
· არსებული საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
· კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება და მიღება
· კანონპროექტზე კომენტარის უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა
· სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირება და პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობა
· ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
· პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურების გამარტივება
· საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება და მიღება
· პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალის გაზრდა
· მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე
· კომიტეტების წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება
· საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება.
· საჯარო ინფორმაციების ანგარიშების მონიტორინგის სისტემის შემუშავება
· საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება
· მთავრობის მიერ ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა
· კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზის სრულყოფა
· საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება
· პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაციის პროექტის შემუშავება.
პარლამენტის აპარატის უფროსის, ნიკოლოზ ნათენაძის ინფორმაციით, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირებისა და პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით პარლამენტის აპარატი გარკვეულ ნაბიჯებს მუდმივ რეჟიმში დგამს.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში ჩემი ინიციატივით შედგა უკვე შეხვედრა. მოძიებულია ის საბაზისო ინფორმაცია, რასაც ჩვენ მუშაობის პროცესში დავეყრდნობით. ამ მხრივ საკმაოდ კარგი კვლევებია ჩატარებული. ამავდროულად, პარლამენტის წევრებისგან კვირის ბოლომდე ველოდებით კიდევ ახალ იდეებს, ახალ წინადადებებს", - განაცხადა ნიკოლოზ ნათენაძემ. მისივე ინფორმაციით, პარლამენტი უკვე მუშაობს პარლამენტის ვებგვერდის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.
საბჭოს წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაზრდას მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ ვაძლიერებთ ღიაობას, გამჭვირვალობას და საპარლამენტო საქმიანობის თვალსაზრისით შემოგვაქვს ინოვაციური და გაბედული ფორმატები. მზად ვარ, კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით და იმ გამოცდილებით, რაც წინა მოწვევის პარლამენტში დამიგროვდა, ძალიან აქტიურად ჩავერთო და გაბედულად დავიწყოთ იმ ახალი სტანდარტების სწრაფად რეალიზება, რაც არის ამ მართლაც ამბიციურ და ძალიან კარგ სამოქმედო გეგმაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით გაიმართა.