საზოგადოების ნდობის დაბრუნებაში თუ ხელს არ შეგვიწყობთ, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას კითხვა დაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზებაზე მოსამართლეების კრიტიკაზე გარკვეული ზღვარის დაწესების თაობაზე.
გვენეტაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ დიალოგში, რომელიც მაღალი სტანდარტით წარიმართება.
”ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ დიალოგში, რომელიც არის მაღალი სტანდარტით წარმართული და დავიცვათ მართლმსაჯულების ინტერესი და საკუთარი უფლებები. ეს არ არის ჩემი ან ჩემი კოლეგების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაცვა, ეს არის სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟისთვის ზრუნვა, საზოგადოების ნდობის დაბრუნება და თუ თქვენ - საკანონმდებლო ორგანო, სახალხო დამცველი, ჩვეულებრივი მოქალაქეები - ამაში ხელს არ შეგვიწყობთ, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება. ჩვენ ჩვენს დაზარალებაზე არ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური განცდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ რომ მზად ვართ ღია დიალოგისთვის”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძის თქმით, საუბარი შეეხება დიალოგს მხარეებს შორის, მედიასთან და ფართო საზოგადოებასთან და ის იმედოვნებს, რომ ამ დიალოგის ფარგლებში მიღწეული იქნება თანხმობა.
”უფრო დაკონკრეტებულ კითხვებზე, სანქციები, ზღვრის გავლება, წითელი ხაზი - ეს არის უფრო ინტერპრეტაცია და შეფასებები. მე ვფიქრობ, რომ დიალოგით ამ საკითხებს გადავწყვეტთ, ზღვრებზე არ ვფიქრობ”, - დასძინა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები". უფრო ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.