აქციის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთთან მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელშეწყობა იქნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა 1 ივნისიდან აიკრძალა.
ორმოცამდე ქალბატონიდან გზის გაგრძელება ამ დროისათვის მხოლოდ ათმა შეძლო. ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი საპროტესტო მსვლელობას ცენტრალური მაგისტრალის ცაიშის მონაკვეთზე გამოეთიშა. 80 წელს მიღწეულ ქუჩუჩა ხოშტარიას კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა ჭითაწყართან დასჭირდა.
დაბალი არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის მცირე მაჩვენებლის დიაგნოზით მედიკოსებმა პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაღალი არტერიული წნევის მიუხედავად აქციის მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ მსვლელობა მაინც გააგრძელა. სოლიდარობის ნიშნად გარემოვაჭრეებთან ერთად გზას ფეხით „დაიცავი საქართველოს“ წევრებიც მიუყვებიან.
მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ აქციის მონაწილეები სასმელი წყლითა და სურსათით მოამარაგა. ღამის 24 საათისათვის კი გარემოვაჭრეები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შევიდნენ.
presage.tv-ის ინფორმაციით ზუგდიდელი გარემოვაჭრეების საპროტესტო მსვლელობას დილიდან ბათუმისა და ქუთაისის ბაზრების გარემოვაჭრეები შეუერთდებიან.
ხვალ, დილიდან, საპროტესტო აქციის განახლებას ზუგდიდში დარჩენილი გარემოვაჭრეებიც გეგმავენ. აქცია სავარაუდოდ, კვლავ გუბერნიის შენობასთან გაიმართება.
რა გახდა 1 ივნისს ზუგდიდის ბაზართან დაწყებული პროტესტის მიზეზი და რაში ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და გარემოვაჭრეები, ნახეთ აქციის ვიდეოქრონიკაში...