საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფრანსუა ფიიონის მეუღლემ პენელოპა ფიიონმა გააკეთა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფრანსუა ფიიონის მეუღლემ პენელოპა ფიიონმა გააკეთა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საკუთარი არჩევანი „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის მეუღლემ პენელოპა ფიიონმა გააკეთა. ის სარტას დეპარტამენტის სოლესმის კომუნაში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია.

მისი მეუღლე, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი არჩევანს დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ პენელოპა ფიიონი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სკანდალში გაეხვა. 29 მარტს ფრანსუა ფიიონის მეუღლეს, საფრანგეთის პარლამენტში მისი ფიქტიური დასაქმების საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდება წაუყენეს.

პენელოპა ფიიონს ბრალად ედება: „თანამონაწილეობა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში და აღნიშნულის დამალვა“, „თანამონაწილეობა სახელმწიფო საკუთრების ბოროტად გამოყენებაში და აღნიშნულის დამალვა“ და „თაღლითობის ფაქტის დამალვა დამამძიმებელი გარემოებებით“.

სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ფრანგულმა გამოცემამ Le Canard Enchaine ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა ფიიონი წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ფრანსუა ფიიონის, იმ დროს სენატორის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში. ამაში ის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენელოპა ფიიონმა ანაზღაურების სახით 900 ათასი ევრო მიიღო. 2005-2007 წლებში კი, სენატში მუშაობის პერიოდში ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა თავისი შვილები, რაშიც მათ ანაზღაურების სახით 84 ათასი ევრო აიღეს.