ახალ პროექტში ჩაიწერება პრემიერის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენა, მაგრამ მთავარი პრობლემა - საარჩევნო სისტემის თაობაზე არ გადაჭრილა

ახალ პროექტში ჩაიწერება პრემიერის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენა, მაგრამ მთავარი პრობლემა - საარჩევნო სისტემის თაობაზე არ გადაჭრილა

მიღებული დოკუმენტი ბევრს ასპექტში კარგია და შეესაბამება კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, მაგრამ სამწუხაროდ, არის ასპექტები, სადაც ის ვერ ახერხებს დააბალანსოს ხელისუფლების შტოები და შეაკავოს მათი მზარდი ძალაუფლება, - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, დასკვნით შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიამ გაითვალისწინა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ანგარიშით წარდგენის საკითხი, მაგრამ მთავარი პრობლემა - საარჩევნო სისტემის შესახებ არ გადაჭრილა. 

„მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ პროექტში ჩაიწერება პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენა, მაგრამ მთავარი პრობლემა საარჩევნო სისტემის თაობაზე არ გადაჭრილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა სამართლიან ბალანსს არ უზრუნველყოფს და ხელისუფლება აღჭურვილი იქნება დიდი ძალაუფლებით, არაპროპორციული მანდატებით. 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ძალიან ძნელი ხდება ამ პირობებში უმრავლესობის დამარცხება. პირველ ადგილზე გასულ პარტიას იმდენი მანდატი აქვს, რომ ეს არასტაბილურ გარემოს ქმნის და აფერხებს ხელისუფლების ცვლას დემოკრატიული გზით, რაც კრიზისის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8.