ჩვენ ამ კონსტიტუციით ვიღებთ კარგ, პროგრესულ კონსტიტუციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

ჩვენ ამ კონსტიტუციით ვიღებთ კარგ, პროგრესულ კონსტიტუციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

დღეს მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა ობიექტური დამკვირვებელი, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ ფიქრობს სუბიექტურ ინტერესებზე და თავად თქვა ისეთ კონსტიტუციაზე უარი, რომელიც „სათავისოდ“ შეიძლებოდა კარგი ყოფილიყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელი სამუშაო ფორმატის გათვალისწინებით, რამდენიმე საკითხის გადახედვა განხორციელდა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ანგარიშით წარდგენის საკითხი. 

„ჩვენ ამ კონსტიტუციით ვიღებთ კარგ, პროგრესულ კონსტიტუციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. რაც შეეხება არასამთავრობოების კონკრეტულ მოთხოვნას, ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარებას განსაკუთრებით, იურიდიულ კონტექსტში ისედაც ვაპირებთ და ამის შესახებ უპრეცენდენტო განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან. ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 

დღესაც ბევრი საკითხი გადაიხედა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ ალტერნატივას, რომელიც წარმოდგენილი იყო საკონსტიტუციო კომისიის წინაშე და მიღწეული იყო გარკვეული კონსენსუსი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ანგარიშით გამოცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8.