კონსტიტუციაში ცვლილებების 80% ექსპერტების, არასამთავრობოების, ოპოზიციის ინიციატივებს ეფუძნება

კონსტიტუციაში ცვლილებების 80% ექსპერტების, არასამთავრობოების, ოპოზიციის ინიციატივებს ეფუძნება

კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებების 80% ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს ეფუძნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც საკონატიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭი უყარეს.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა, თუ ვინ ემხრობოდა დღეს მოქმედი კონსტიტუციის დატოვებას და არც ერთი მომხრე არ აღმოჩნდა.

„ეს არის მთავარი პასუხი, რატომ არის უკეთესი ის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიამ შექმნა იმიტომ, რომ კომისიის არც ერთი წევრი არ ამბობს, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია უკეთესია. 80% კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებების ეფუძნება ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს. ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული. არის მხოლოდ რამდენიმე საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებებია. ყველაზე ფუნდამენტური ცვლილებება, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და გადასვლა პროპორციულ სისტემაზე, რაც აქამდე არ გააკეთა არც ერთმა ხელისუფლებამ. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდება. ჩვენ თანახმა ვართ, მოგვიანებით გამოვაქვეყნოთ დეტალური სია, თუ ვისგან რა რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ, რომ ცვლილებების 80% ეკუთვნის და ინიციარებულია კომისიის იმ წევრების მიერ, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ არიან“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

კითხვაზე,დასკვნით სხდომაზე შეიცვალა თუ არა რაიმე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ბოლო ვარიანტში, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც წარმოდგენილი ალტერნატივები, რაც დაყენებული იყო სხვადასხვა ექსპერტისა თუ არასამთავრობო ორგანზაციის მხრიდან იქნა გაზიარებული, მათ შორის, რამდენიმე ცვლილებაა იმ თავში, რომელიც მთავრობას ეხება.