ბერნის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი ფაკულტეტი იხურება

ბერნის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი ფაკულტეტი იხურება

ბერნის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი ფაკულტეტი იხურება. კათედრა, რომელიც ბერნის უნივერსიტეტში ენათმეცნიერ კიტა ჩხენკელის დროინდელ ქართულ ბიბლიოთეკას ინახავს, შემოდგომიდან სტუდენტებს აღარ მიიღებს. კათედრის დახურვით უნივერსიტეტში, ქართული ენის სწავლებაც შეწყდება.

ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების მიმართულების დირექტორის გეორგ ვან დრიმის ინფორმაციით, ქართული ენის მიმართ დაინტერესება არსებობს, თუმცა უნივერსიტეტი დაფინანსებას რეგიონის მმართველი ორგანოსგან იღებს და ბიუჯეტის შემცირებით ყველა მიმართულებას ვეღარ დააფინანსებს.

“საქართველოს მეგობრობის“ გაერთიანების პრეზიდენტი თომას ჰოიზემანის თქმით, შვეიცარიაში ქართული ენის ფაკულტეტის დაარსება და შენარჩუნება დიდ ძალისხმევასთანა იყო დაკავშირებული.

“ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენის მიმართულების დახურვის შემდეგ, ქართული ენის და კულტურის კერა ბერნის უნივერსიტეტმა შეინარჩუნა. შესაბამისად, შვეიცარიაში დღეს ის ერთადერთი ადგილია, სადაც სტუდენტებს ქართულის სწავლა შეუძლიათ. გადაწყვეტილებას ბერნის უნივერსიტეტში ფინანსური ხარჯების შემცირებირებით ხსნიან”, - განაცხადა თომას ჰოიზემანმა.

ბერნის უნივერსიტეტში ქართული ენის შესწავლის ტრადიცია, 1989 წლიდან არსებობს და მას საფუძველი გერმანელმა ენათმეცნიერმა როლანდ ბიელმაიერმა ჩაუყარა.