მმართველი პარტია უარს ამბობს მაღალი ალბათობით ხელახლა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე, შემოღებულია პროპორციული სისტემა

მმართველი პარტია უარს ამბობს მაღალი ალბათობით ხელახლა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე, შემოღებულია პროპორციული სისტემა

პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება და ჩვენ გადავდივართ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნით სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მმართველი პარტია ”თავისი ხელით” პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით უარს ამბობს კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე. 

”ვსაუბრობთ პირველ პრეცედენტზე, როდესაც მმართველი ძალა თავისი ხელით იუარესებს თავის სუბიექტურ ინტერესებს და აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სწორედ პროპორციულ სისტემაზე. პრაქტიკულად, მმართველი პარტია თავისი ხელით უარს ამბობს ძალიან მაღალი ალბათობით ხელახლა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე, შემოღებულია პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისი დათქმებით, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობის მინიმალურ სტანდარტს ჩვენს ქვეყანაში.

სტაბილურობის მინიმალური სტანდარტი არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე“, - გაანცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დასკვნით სიტყვაში ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ოპოზიციონერებს პარლამენტში შეეძლებათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. 

”გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტება, რომელიც უკავშირდება ფრაქციებს და უზრუნველყოფს იმ მანკიერი პრაქტიკის აღკვეთას, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტში განუსაზღვრელი რაოდენობით ფრაქციების შექმნასთან. ამ კუთხით მივდივართ ევროპული ტრადიციების გზით. 

გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი დაზუსტება, რომელიც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიებს. პირველად ჩვენი კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, საგამოძიებო კომისიის შექმნა იქცევა ოპოზიციის უფლებად და პარლამენტის 1/3-ს შეეძლება შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის შესავალი სიტყვის შემდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი შეხვედრა დაიხურა.