დავით სერგეენკომ ამსტერდამში C ჰეპატიტის პროექტის შესახებ ისაუბრა

დავით სერგეენკომ ამსტერდამში C ჰეპატიტის პროექტის შესახებ ისაუბრა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ამსტერდამში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე С ჰეპატიტის, როგორც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს. 

მათი ცნობით, ამსტერდამში პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი სესია გაიმართა.

„კონგრესი ღვიძლის დაავადებებისა და დიაგნოსტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დარგის სპეციალისტები ესწრებიან.

სესიაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც პირველი ქვეყნის, რომელიც რამდენიმე წელიწადში C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას მოახდენს.

მომხსენებლთა შორის იყვნენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კლინიკა ნეოლაბის ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელებმაც პროგრამის მნიშვნელობაზე, გამოჯანრთელების მაჩვენებელსა (რომლებიც ჰარვონით ნამკურნალებ პაციენტებში საშუალოდ 98% ზე მეტია) და ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მომხმარებლებში HCV პრევენციაზე ზრუნვისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

პროგრამის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისების ხარისხისა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ს დავაადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა იან დრობენიუკმა.

სესია დახურა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ექსპერტმა ფრანცისკო ავერჰოფმა, რომელმაც შეაჯამა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესი.

ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი (19-23 აპრილი) ქალაქ ამსტერდამში იმართება და ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ არის ორგანიზებული.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი და გრემ რობერტსონი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზეც ისაუბრეს“, - აღნიშნულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.