საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრი კომისიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორ ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისის წევრების ნაწილმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, საკონსტიტუციო კომისის წევრების ნაწილმა განიზრახა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას ალტერნატივა შესთავაზოს.
„შემოთავაზებული ცვლილებები მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურია იმ აზრით, რომ აუქმებს მაჟორიტარულ სისტემას და გადადის პროპორციულ სისტემაზე, გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი ძალიან დიდ უსამართლო უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, ამდენად, ჩვენ კომისიის წევრების ერთმა ნაწილმა გადავწყვიტეთ, რომ მიუხედვად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, გავერთიანდეთ ამ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც განსაზღვრავს მთლიანად კონსტიტუციის სტრუქტურას, ძალაუფლების ბალანსს და შევთავაზოთ ალტერნატივა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პირველი ალტერნატივა ეს არის 3%-იანი ბარიერი, ანუ ბარიერის 3%-მდე დაწევა და მანდატების პროპორციულად განაწილება, რაც მცირედ უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, თუმცა ეს არ არის ისეთი დრამატული, როგორიც შემოთავაზებულია. მეორე ალტერნატივა არის ის, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეევსება მანდატები 80 დეპუტატამდე იმისთვის, რომ დააკომპლექტოს მთავრობა და ეფექტურად განახორციელოს ხელისუფლება. ამდენად მიგვაჩნია, რომ ამათი გათვალისწინება არსებითად გააუმჯობესებს და უფრო მეტად დემოკრატიულსა და დაბალანსებულს გახდის კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
აღნიშნულ ალტერნატიულ შეთავაზებას ხელს აწერენ საკონსტიტუციო კომისიის შემდეგი წევრები: ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე, ანა ფირცხალაიშვილი, არნოლდ სტეფანიანი და ლაშა ტუღუში.