კვირაცხოვლობას, ხვალ, სალიტანიო ანჩისხატით დედაქალაქის ჯვრის სახით მოლოცვა დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან აცნობეს, ამ მიზნით 23 აპრილს, 12:00 საათზე, მახათას მთიდან, წირვის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატით სადღესასწაულო ლოცვითი სვლა დაიწყება.
23 აპრილს, 14:00 საათზე, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში (თავისუფლების მოედანი, გუდიაშვილის 1) სასწაულთმოქმედ სიწმიდეებთან აღევლინება პარაკლისი, საიდანაც ლოცვის შემდეგ ხატს მთაწმინდაზე, მამა დავითზე წააბრძანებენ.
„სალიტანიო ანჩისხატით დედაქალაქის ჯვრის სახით მოლოცვა 9 აპრილს დაიწყო. ხატმა ჯვრის პირველი ფრთა, ბერი გაბრიელ სალოსის მოედანზე მდებარე იოანე მხედრის ტაძრიდან (ორთაჭალის, მეტეხის ხიდის, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სამლოცველოს გავლით) ლოცვითი სვლით მცხეთის ჯვრამდე გაიარა. ჯვრის მეორე ფრთას ხატი მახათას მთიდან მთაწმინდამდე მოილოცავს. წირვის შემდეგ მსვლელობა დაიწყება 12:00 საათზე“, - აცხადებენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფში.
მათივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ”.