პლებისციტი ნამდვილად არის ინსტრუმენტი, რომლის შედეგად ხალხის აზრი უნდა გამოიკითხოს, მაგრამ აღნიშნული საკითხი უნდა დასვას პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას გააკეთებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების თაობაზე ”ევროპული საქართველოს” ინიციატივას გამოეხმაურა.
„კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც, პირველ რიგში, ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს და ასახავდეს. შესაბამისად, ყველა ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შეიძლება მოიაზროს პოლიკურმა წარმომადგენლებმა და პირველ რიგში, ხელისუფლება ხალხის ნებას უნდა ასახავდეს და ხალხს აზრს ეკითხებოდეს. ამიტომ თავისთავად ყველა საკითხი, სადაც ხალხის აზრი იქნება გათვალისწინებული, მნიშვნელოვანი და პატივსაცემია. მიზანი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციას ცვლის, არის ის, რომ მოხდეს ძალაუფლების განმტკიცება და უზურპაცია სწორედ ხალხის ნების გვერდს ავლით“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ეხება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას, ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია და განმტკიცება ისე, რომ ხალხის ნება არ იყოს გათვალსიწინებული.
„პლებისციტი ნამდვილად არის ინსტრუმენტი, რომლის შედეგად ხალხის აზრი უნდა გამოიკითხოს, მაგრამ აღნიშნული საკითხი უნდა დასვას პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას გააკეთებს. რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის“, - განაცხადა კალანდაძემ.
”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.