საქართველომ ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენ მადლიერი ვართ უნგრეთის ამ გზაზე მხარდაჭერისთვის

საქართველომ ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენ მადლიერი ვართ უნგრეთის ამ გზაზე მხარდაჭერისთვის

საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ამ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე.

„დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ შენგენის სივრცეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა.

უვიზო მიმოსვლა დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი და ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები.

ამ თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. ვიმედოვნებთ, რომ უნგრეთი, როგორც ყოველთვის, საქართველოს გვერდით იდგება ამ საპასუხისმგებლო პროცესში“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა უნგრულ მხარეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებაზეც.

„საქართველომ, როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ, დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ალიანსის ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.