ორივე ქვეყანას გაგვაჩნია შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობა არ არის მაღალ დონეზე და ამით ვერ ვიამაყებთ

ორივე ქვეყანას გაგვაჩნია შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობა არ არის მაღალ დონეზე და ამით ვერ ვიამაყებთ

ჩვენი ეკონომიკური განვითარება და თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა, აქ უფრო მეტი არის გასაკეთებელი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანია გაზარდონ საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები.

„ორივე ქვეყანას გაგვაჩნია შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა არ არის ისეთ მაღალ დონეზე და ამით ვერ ვიამაყებთ. ამიტომ, ჩვენი ვიზიტის მიზანია, გამოვხატო მზადყოფნა, რომ გავზარდოთ საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები და გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია ორივე ქვეყანას. ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, როცა უნდა გამოვიყენოთ ყველა ეკონომიკური შესაძლებლობა, რათა შევქმნათ კარგი პოლიტიკური ურთიერთობა და ამაზე დაყრდნობით შესანიშნავი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.

უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და ეს გადავიტანოთ ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა თქვენს ეკონომიკურ მოდერნიზაციაში, გავზარდოთ სავაჭრო ურთუიერთობები.

უნგრეთის მხრიდან ეს სურვილი გაძლიერდება და დიდი მადლობა, რომ თქვენ იღებთ ჩვენს დახმარებას“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, 90 მილიონიანი ფინანსური ინვესტიცა ხორციელდება საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობაში.

„მე ვუთხარი პრემიერს, რომ ეს ჩარჩო ამოიწურა და მოდი გავაძლიეროთ, გავაფართოვოთ ბიზნესდელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან უნგრეთში. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ამ დელეგაციებს. ჩვენ ასევე დიდი სიამოვნებით ვიღებთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოდიან. ჩვენ ვიცით ჩვენს გამოცდილებაზე, რომ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისეთმა მცირე ქვეყნებმა, როგორიც ჩვენი ქვეყნებია, კარგად უნდა გამოიყენონ განათლების შესაძლებლობა.

მე ასევე დავაყენე კიდევ ერთი წინადადება, რომ სოფლის მეურნეობის და ინგლისური ენის შესწავლის სფეროში უფრო გაფართოვდეს ქართველი სტუდენტების მონაწილეობა.

ის გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის“,- განაცხადა ორბანმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიწვიეს უნგრეთში სამიტზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.