გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგასთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელა

გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგასთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხაზი გაუსვეს 12 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჩატარებული „არჩევნების“, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, „რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია“.

„ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.