უნგრეთის პრემიერი:  ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება

უნგრეთის პრემიერი: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება

უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები უნგრეთის პრემიერისგან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბედით დაინტერესდნენ.

„ამის თაობაზე ბევრი ინფორმაცია მინახავს. მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე მიდის საუბარი და მოლაპარაკება“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ რეგულაციებს განათლების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაფუძნებული უნივერსიტეტების ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს. შედეგად, ბუდაპეშტში მოქმედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU), რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, დახურვა ემუქრება.

თბილისში, „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ.

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ეს არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” ასევე შეიკრიბნენ “ქართული იდეის” წარმომადგენლები, რომლებიც კონტრაქციას მართავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც „ეროვნულობის განადგურებას ემსახურება“.