”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.

”ევროპული საქართველოს ინიციატივაა, საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემასა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს, სურს თუ არა მას პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს.

ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, ამიტომ მე პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მას დავემორჩილები. ვაღიარებ და ხმას მივცემ. იგივეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიებისგან”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ”ევროპული საქართველოს” ლიდერი მოუწოდებს გიორგი კვირიკაშვილს, მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერი და დანიშნოს პლებისციტი.

”ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, გადაწყვეტილების მიღების საშუალება ხალხს მისცეს. პრემიერს მოვუწოდებთ, დანიშნოს პლებისციტი და მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერი.

ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. უმაღლესი განაჩენი და ქართველი ხალხის სიტყვაა.

თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, რა სურს ქართველ ხალხს,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.