გზებზე უსაფრთხოება გვჭირდება, იმედი მაქვს, ახალ სისტემას მძღოლები შეეჩვევიან

გზებზე უსაფრთხოება გვჭირდება, იმედი მაქვს, ახალ სისტემას მძღოლები შეეჩვევიან

პარლამენტი დღეს „საგზო მოძრაობის შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ქვეყანაში ავტოავარიების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კანონის ამოქმედება მალევე მოხდეს.

„დღეს საგზაო მოძრაობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით მივიღებთ. შესაბამისად, პროცესის ემპლემენტაცია ძალიან სწრაფად დაიწყება. იმედი მაქვს, რომ ახალ სისტემას ჩვენი მძღოლები შეეჩვევიან. გზებზე უსაფრთხოება გვჭირდება, რადგან ავტოავარიების რაოდენობა მაღალია. ეს არის ევროპული სტანდარტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მის თანმდევ პროექტებს განიხილავენ. ამით პარლამენტი აღნიშნულ საკანონმებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს.

პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შესძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.