საქართველო და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა ცდილობს, მაქსიმალურად წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას

საქართველო და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა ცდილობს, მაქსიმალურად წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას

კონფერენციის მთავარი თემებია ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები. ასევე განიხილება ახალი გამოწვევები, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერ საფრთხე და რუსული პროპაგანდა, - ამის შესახებ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმის სამუშაო თემებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, საქართველო და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა ცდილობს, მაქსიმალურად წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას.

„კონფლიქტები არის ამ ფორუმის მნიშვნელოვანი თემა. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა იმ დიალოგში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხება.

ინტენსიური საუბრებია რუსეთის პოლიტიკაზე, მის როლზე რეგიონში, იმ დესტაბილიზაციის უდიდეს ფაქტორზე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის წინადადებები და მოსაზრებები იყო გაზიარებული და მიმდინარეობს საინტერესო დისკუსია.

საქართველო, ისევე როგორც მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა, ცდილობს მაქსიმალურად წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას. უკვე ვითარდება როგორც ევროპაში და პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულება. სტრატეგიული კომუნიკაცის მიმართულების გაძლიერებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. მთავარი ამოცანა, რომ საქართველო აღუდგეს მზარდ რუსულ პროპაგანდას და დესტრუქციულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, ეს არის საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მიზნებისათვის“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ფორუმის მეორე დღე მიხეილ ჯანელიძის მოხსენებით დაიწყო. ღონისძიებას ესწრებიან ექსპერტები, აკადემიკოსები, კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან.