კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა

კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა. 

ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ გამოსვლაში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს.

მან მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. „ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია ამოყვანილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და დაცულები იქნებიან“, - აღნიშნა ოლანდმა.

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.