პრემიერ-მინისტრს შეეძლება, პარლამენტის წინაშე თავად დასვას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

პრემიერ-მინისტრს შეეძლება, პარლამენტის წინაშე თავად დასვას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პარლამენტის წინაშე თავად დასვას მთავრობის ნდობის საკითხი. საქართველოს კონსტიტუციაში შემოდის ერთგვარი მექანიზმი, რომლის ამოქმედებაც მოსალოდნელია მაშინ, როდესაც მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კონფლიქტური ვითარება იქმნება ან როდესაც უნდათ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების გამართვა. ასეთ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში მყარი უმრავლესობა არ იქნება, ამას შედეგად პარლამენტის დათხოვა და რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება. 

უფრო კონკრეტულად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი.

ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ იგი მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.