ჩვენ გვექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც სამომავლოდ კარგ შედეგს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მდინარაძის თქმით, ,,ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო კომისიაში ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად აგრძელებს მუშაობას.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მარტო ნამდვილად არ რჩებიან. ვიცი, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. საკონსტიტუციო კომისიამ პრაქტიკულად უკვე დაასრულა მუშაობა. დოკუმენტზე მსჯელობა გაგრძელდება საყოველთაო განხილვების ფორმატში. შემდგომ მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში და დაიწყება სასესიო განხილვები. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც სამომავლოდ ბევრ კარგ შედეგს უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 17 წევრი გამოაკლდა. კერძოდ, კომისიიდან გავიდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ჯამში 14 წევრით იყო წარმოდგენელი. ამასთან, სახელმწიფო საკონსტიტიუციო კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ ჩაერთო კომისიის სამი წევრი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.