პრეზიდენტის განცხადება არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში

პრეზიდენტის განცხადება არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას არასწორს უწოდებს. 

როგორც ჩუგოშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა სრულიად ნორმალურია და ეს საფრთხეს არაფერს არ უქმნის.

,,პრეზიდენტის განცხადება არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში, პირიქით, ეწინააღმდეგება მას. ვიცით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში სრულიად ნორმალურია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება იქნებოდა არასწორი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ერთი ვადით მოხდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება, შემდეგ მოხდეს არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა, სადაც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. 

„აქამდე იყოს ზოგადად მოსაზრებები, პოლიტიკური განცხადებები, ახლა ჩვენ ვხედავთ პირველ ვერსიას მომავალი კონსტიტუციის. მინდა რამდენიმე ძირითად პუნქტს შევეხო ამ ახალი ვერსიიდან. პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულვებელყოფილი და ახალი ვერსიით, არა საზოგადოება, არა ჩვენ მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს პრეზიდენტს. მეორე - მდგომარეობს იმაში, რომ ამ ახალარჩეულ პრეზიდენტს ფაქტობრივად, აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა და ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად, ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტურ თავდაცვით საქმიანობას. გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავრასარდალი და მის მოქმედებას, ფაქტობრივად, აღარ ექნება ეფექტურობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.