თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, 23 აპრილს აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ”ამერიკის დღეები 2017”-ის ფარგლებში, „მეგობრობის ფორუმი“ გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, „მეგობრობის ფორუმის“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩო საგრანტო პროგრამების, ამერიკაში სწავლის შესალებლობების, საგანმანათლებლო პროექტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
მათივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების, სავიზო პროცედურებისა თუ საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „მეგობრობის ფორუმზე“ შეეძლებათ.
ღონისძიება სასტუმრო „თბილისი რუმსში“ 23 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, გაიმართება და ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
„მეგობრობის ფორუმზე“ აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
ორგანიზატორების განცხადებით, საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, სემინარები გაიმართება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზები არსებობს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი, შეავსონ განაცხადი და მოიპოვონ დაფინანსება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „მეგობრობის ფორუმი“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომლებიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ღონისძიებათა ციკლი 29 აპრილს ოსკაროსანი კომპოზიტორის, ჯონ ვილიამსის მუსიკის კონცერტით დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე - www.biletebi.ge.
25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამერიკის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე - www.facebook.com/tbilisi.usembassy