გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით

ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს ერთიანი სტრატეგიული ხედვისა და უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმების არსებობის საჭიროებას ევროპული და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე განაცხადა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთბების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება, რომლის ორგანიზებაც ითავა ფონდმა, რომელიც ატარებს ალექსანდრე რონდელის სახელს - არაჩვეულებრივი ადამიანისას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საფუძვლის ჩაყრაში. შედეგად, მივიღეთ ცენტრი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის მიზნით განუწყვეტლივ ქმნის ახალ ინტელექტუალურ ძალას“, - განაცხადა პრემიერმა. 

მან ასევე, მადლობა გადაუხადა STRATPOL-სა და Visegrad-ის საერთაშორისო ფონდს უსაფრთხოების ფორუმის ხელშეწყობისათვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა გახდა. 

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

„საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით. ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა ევროკავშირთან და ნატო-სთან მიერთება - ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის დემოკრატიის, უსაფრთოების, მშვიდობისა და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია. დადგა დრო, დავადასტუროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-ს დღის წესრიგს, სხვა საკითხებთან ერთად, უნივერსალურად უმნიშვნელოვანესი საკითხი - შავი ზღვის უსაფრთხოებაც დაემატა. საქართველო, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, ერთგულია მიზნისა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის სურვილია, შავი ზღვა ამავდროულად ეკონომიკური თანამშრომლობის ზონად გარდაიქმნას. ამ კონტექსტში პრემიერმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა. 

„ეს არის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში ინვესტირების ნათელი მაგალითი. ეს აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტიცაა, რადგან აბრეშუმის გზა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას სრულად შეცვლის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შესაძლებლობით, მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ და გლობალურ პროგრამებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთოა. ახალი აბრეშუმის გზა არა მარტო მატარებლებს ან გემებს ან კილომეტრებს და მილებს ეხება. ეს თანამშრომლობის ღერძია, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, რადგან აქვს ყველა მონაცემი, მიაღწიოს მდგრად წესრიგს. უფრო მეტიც, საქართველოში ტექნიკა პროგრამულ აღჭურვილობას ხვდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ევროკავშირთან DCFTA გავაფორმეთ, რამაც 500 მილიონიან ერთიან ბაზარზე წვდომა გაგვიხსნა. ჩვენ ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთს ბაზრებსაც ვუკავშირდებით. ამ კუთხით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ამასთან, სავაჭრო ხელშეკრულებებით, გვეძლევა ნორმატიული წვდომაც. კერძოდ, ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და საქართველო გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და გენერალიზებული პრეფერენციის სისტემის (GSP) რეჟიმები აშშ-ს, კანადას, იაპონიასთან. ვგეგმავთ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ ინდოეთთან. ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადების, ჩვენი სტრატეგიული განლაგების, ბიზნესის კეთების კუთხით განსაკუთრებულ გარემოს წყალობით, საქართველო რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების მოწინავე ხაზზეა. მიუხედავად ამისა, ეს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის მხოლოს ერთი ნაწილია. განსხვავებულ პრიზმაში ვგულისხმობ გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პრინციპების მიმართ. სწორედ ასე მცირდება რისკები და ასე ვუპირისპირდებით საგარეო საფრთხეებს. ჩვენ ასევე გამჭვირვალე და სანდო პარტნიორები ვართ სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის სხვა გლობალურ პროექტებშიც, რომელთა შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო პროექტის ინიციატივებიც მოიაზრება“, - განაცხადა პრემიერმა.