პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ძალოვანი უწყებების გაძლიერებასა და ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა ქალაქ ნანტში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ ფრანგები ნდობას გამომიცხადებენ და პრეზიდენტად ამირჩევენ, უახლოეს წლებში ჩვენს სამხედრო ბიუჯეტს, მშპ-ს 2%-მდე ავიყვან, რაც ძალოვანი სტრუქტურების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, ის უზრუნველყოფს, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე „პოლიციას, ჟანდარმერიას, სადაზვერვო სამსახურებს შესაძლებლობა ჰქონდეთ წარმატებულად აღკვეთონ ტერაქტები და დაიცვან მოქალაქეები“.
„უახლოეს წლებში ჩვენ განვაგრძობთ ამ უწყებების გაძლიერებას: კერძოდ, დამატებით ათი ათას პოლიციელსა და ჟანდარმს ავიყვანთ სამსახურში. ჩვენ განვახორციელებთ ტერიტორიული დაზვერვის რეფორმას, ვუზრუნველყოფთ უკეთეს კოორდინაციას სადაზვერვო სამსახურებს შორის, გავაძლიერებთ კიბერდანაშაულებთან ბრძოლას. ამ საქმეს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევიდან პირველ კვირებში შევუდგები“, - აღნიშნა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
მან ასევე განაცხადა, რომ „შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას“.
„ტერორიზმა დარტყმები განახორციელა საფრანგეთზე და დღემდე საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის. ტერორისტები საფრანგეთის გახლეჩვას ცდილობენ, ჩვენი დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრა სურთ, სამოქალაქო ომის ცეცხლის დანთება უნდათ“, - დასძინა მან.