რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელი შეუშალოს სტრატეგიული მიზნების შესრულებაში, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელი შეუშალოს სტრატეგიული მიზნების შესრულებაში, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

იმდენად რამდენადაც საქართველოში წარმატებული დემოკრატიაა, სწორედ ამიტომაც არის საქართველო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე- პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ რონდელის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმის მიმდინარეობისას განუცხადა. 

როგორც ქუთელიამ აღნიშნა, მსოფლიო უსაფრთხოების ახალი გარემოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანთვისებაა რუსეთის აგრესიული რევაშინზიმი, რომელიც დემოკრატიას და ლიბერალურ ღირებულებებს განიხილავს თავის მოწინააღდეგედ. 

”აქედან გამომდინარე, რუსეთი ყველა რესურსს ხარჯავს ლიბერალურ-დემოკრატიული იდეის დისკრეტიდაციისთვის მთელ მსოფლიოში. იმდენად, რამდენადაც საქართველოში წარმატებული დემოკრატიაა, სწორედ ამიტომაც არის საქართველო ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის მხრიდან. რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელი შეუშალოს სტრატეგიული მიზნების შესრულებაში, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამას ცალკეული გამოვლინებები აქვს, იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსია, პროპაგანდისტული მეთოდებით ერთიანი ეროვნული კონსენსუსისა და იდეის მოშლა, ევროპული იდეის დისკრედიტაცია და ა.შ. ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც რუსეთი აწარმოებს დემოკრატიული სამყაროს მიმართ”, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

რაც შეეხება, ზოგადად, რეგიონში არსებულ სიტუაციას, ქუთელიამ აღნიშნა, რეგიონი სადაც საქართველო მდებარეობს დღესდღეობით გახდა ახალი მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურისთვის უმნიშვნელოვანესი. 

”შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი რეგიონის ფუნქცია და როლი იზრდება. რაც შეეხება რეგიონში საქართველოს როლს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, არის ის, რომ საქართველოში არის ყველაზე წარმატებული დემოკრატია და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ჩვენი უსაფრთხოებისა და როლისთვის რეგიონში”, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.