პატრიარქის დაცვის წევრების შეცვლა ჩვეულებრივი როტაციაა, ამას მძიმედ ნუ შეხედავთ

პატრიარქის დაცვის წევრების შეცვლა ჩვეულებრივი როტაციაა, ამას მძიმედ ნუ შეხედავთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამი წევრის სხვა პირებით ჩანაცვლებას როტაციის პრინციპით ხსნის.

ანზორ ჩუბინიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვიდან სამი ადამიანის შეცვლა მოხდა, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სდსს-დან გათავისუფლებული არ არიან. 

„ეს არის ჩვეულებრივი როტაციის პრინციპი. ეს ხალხი დასაქმებულია და ამჟამადაც ირიცხებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და ისინი გადანაწილებულები იქნებიან სხვა დასაცავ პირებთან სამუშაოდ“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები ამ ეტაპზე სხვა სამმა ადამიანმა ჩაანაცვლა. 

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამას მძიმედ ნუ შეხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი როტაცია. ეს აუცილებელიც კი არის ჩვენნაირ სამსახურებში“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქის დაცვის შემადგენლობიდან იმ პირების გაშვება მოხდა, რომლებიც ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის კადრები იყვნენ, ანზორ ჩუბინიძის თქმით, მთელი ჯგუფი სოსო ოხანაშვილის მიერაა დაკომპლექტებული.

„მე არ მინდა ამაზე რამე კომენტარი გავაკეთო. მძიმედ ნუ აღიქვამენ. არავითარ შუაში არ არის ის, რომ ეს არის სოსო ოხანაშვილის მიერ მოყვანილი ბიჭები. პატრიარქის პირადი დაცვა იგივე ოდენობითაა. ჩვენ გადავხედეთ და ამ ეტაპზე ეს საჭიროება არის. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რიცხოვნობა შევცვალოთ. ბიჭები საკუთარ მოვალეობას ძალიან კეთილსინდისიერად ასრულებენ“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, „რადგან ეს პარტიარქთანაა დაკავშირებული, რატომღაც აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა ყველა დასაცავ პირთან აღნიშნული როტაცია ეტაპობრივად ხდება, იცვლებიან, გადიან გადამზადების პერიოდს, იცვლიან დასაცავ ობიექტებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“.

კითხვაზე - მომხდარა თუ არა პარტიარქის დაცვაში მსგავსი როტაცია აქამდეც, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პარტიარქის დაცვა სდსს-ს დაქვემდებარებაში არ იყო და დიდი ხანი არ არის, რაც პატრიარქს ოფიციალური დაცვა ჰყავს. 
როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა აღნიშნა, როტაციაა ძალიან სწორი მოვლენაა და თუ გადავხედავთ წარმატებული სპეცსამსახურების - აშშ-ის, ისრაელის მაგალითებს, იქ განსაზღვრულიც კი არის დრო, რის შემდეგაც აუცილებელია როტაციული ცვლილება.

„ადამიანებმა უნდა იგრძნონ თავი კომფორტულად, როგორც დასაცავმა პირებმა, ასევე იმ პირებმა, ვინც დასაცავ პირებთან მუშაობენ და იქ უნდა იყვნენ, სადაც მათთვის გარდა სამსხურებრივი მოვალეობისა, არანაირი ზედმეტი დაძაბულობა არ შეიმჩნევა იმის გამო, რომ თავიანთი მოვალეობა წარმატებულად შეასრულონ. ეს ბიჭები არიან კეთილსინდისიერები, მუშობენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ისინი არიან სამსახურის თანამშრომლები, არსად ისინი არ გაგვიშვია. პირველი აპრილიდან არიან გაფორმებულები და სულ მალე თავიანთ ადგილს მონახავენ ახალ ობიექტებთან“, - განაცხადა ჩუბინიძემ.