პარტნიორი ქვეყნების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებით დიდია

პარტნიორი ქვეყნების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებით დიდია

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

”განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ისრაელთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, ეუთო-სთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით დიდია მათი როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. 

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სუს-ის საქმიანობა განხორციელდება კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ორიენტირებული იქნება სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი უწყების საქმიანობა მომავალშიც მიმართული იქნება საქართველოსთვის პოტენციური საფრთხეების პროგნოზირებასა და პრევენციაზე, მის წინაშე მდგარი გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და განეიტრალებაზე, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთაზე. სამსახურის საქმიანობა განხორციელდება კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ორიენტირებული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.